რა სიმპტომებზე უნდა შეამოწმოთ ძრავი
- ზეთი იკლებს ან გამონაბოლქვიდან მოლურჯო ბოლი გამოდის;
- ანტიფრიზი იკლებს, გამონაბოლქვიდან თეთრი ბოლი მოდის და არ ქრება;
- ზეთის ჩასასხმელიდან ბოლი ამოდის;
- ძრავმა წევა დაკარგა, არათანაბრად ქოქავს ან ძნელად იქოქება;
- ძრავი ხურდება ან ღუმელი ცივ ჰაერს უშვებს;
- მეორადი მანქანის ყიდვას აპირებთ.
ძრავის კომპრესიის შემოწმება
სანთლების ადგილას კომპრესომეტრს ვაყენებთ და ვზომავთ წნევას თითოეულ ცილინდრში. მთავარია არა მხოლოდ რიცხვი, არამედ ცილინდრებს შორის სხვაობაც: კარგ ძრავზე მაჩვენებლები ერთმანეთთან ახლოსაა.
დაბალი ან არათანაბარი კომპრესია მიუთითებს გაცვეთილ ან გაჭედილ რგოლებზე, დამწვარ ან ბოლომდე ვერ დახურულ სარქველზე, ან თავის შუასადების (პრაკლადკის) დაზიანებაზე. კომპრესია ძრავის „ჯანმრთელობის“ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია და მეორადი მანქანის ყიდვამდე აუცილებლად ღირს მისი გაზომვა.
ძრავის ბოლზე შემოწმება
მუშაობისას წვის აირის მცირე ნაწილი რგოლებს შორის ყოველთვის გადის კარტერში. ნორმალურ ძრავზე ეს ცოტაა. როცა რგოლები ან ცილინდრები ცვდება, კარტერში ბევრად მეტი აირი გადის, ზეთის ჩასასხმელიდან კი ბოლი ამოდის. ამ ტესტით ვადგენთ, რამდენად ძლიერია ეს და ნორმაშია თუ არა.
ენდოსკოპით ძრავში ჩახედვა
სანთლის ხვრელიდან ცილინდრში თხელ კამერას ვუშვებთ და ეკრანზე ვხედავთ დგუშის თავს, ცილინდრის კედლებს და სარქველებს. ჩანს ნაკაწრები, ნაგარი, ზეთის კვალი და ანტიფრიზის ნიშნები. ეს დეტალური ვიზუალური ინსპექციაა, რომელიც ძრავის დაშლას არ მოითხოვს და ძრავს არ აზიანებს.
ენდოსკოპია კომპრესიის ტესტთან ერთად ყველაზე ზუსტ სურათს იძლევა: კომპრესია გვეუბნება, რომ პრობლემაა, ენდოსკოპი კი გვაჩვენებს, სად და როგორი.
ძრავზე CO შემოწმება
თუ ცილინდრის თავის პრაკლადკა დაზიანებულია ან თავი გაბზარულია, წვის აირი გაგრილების სისტემაში ხვდება. ანტიფრიზის ავზზე სპეციალურ ტესტერს ვაყენებთ: თუ ავზში გამონაბოლქვი აირია, ტესტერის სითხე ფერს იცვლის. ეს სწრაფი და ზუსტი გზაა იმის გასარკვევად, იწვის თუ არა ანტიფრიზი ძრავში.
წყლის (გაგრილების) სისტემის შემოწმება
ანტიფრიზი ან გარეთ ჟონავს, ან ძრავში იწვის. ვამოწმებთ რადიატორს, შლანგებს და მათ შეერთებებს, პომპას, გაფართოების ავზს და ღუმელის რადიატორს, და ვპოულობთ ზუსტად, სადმე თუ ჟონავს. თუ გარეთ კვალი არ ჩანს და სითხე მაინც იკლებს, CO ტესტით ვამოწმებთ, ხომ არ ხვდება აირი სისტემაში.
შემოწმების შემდეგ
შედეგს ერთად განვიხილავთ: რა მდგომარეობაშია ძრავი, რისი გაკეთებაა საჭირო და რა ღირს ამის გაკეთება ახლა. თუ ძრავს კაპიტალური რემონტი ან შეცვლა სჭირდება, ძრავის ამოღებას და დაყენებას ჩვენვე ვაკეთებთ. თუ ელექტრონიკაში ეჭვია, ჯერ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას გავაკეთებთ.