რა არის კომპიუტერული დიაგნოსტიკა
თანამედროვე მანქანას ათობით სენსორი და რამდენიმე ელექტრონული ბლოკი აქვს. როცა რომელიმე სისტემა გაუმართავად მუშაობს, ბლოკი შეცდომის კოდს იმახსოვრებს და ხშირად დაფაზე Check Engine-ს ანთებს. დიაგნოსტიკის აპარატს ვაერთებთ მანქანის OBD როზეტში, ვკითხულობთ შენახულ კოდებს და ვუყურებთ სენსორების მონაცემებს რეალურ დროში, ძრავის მუშაობისას.
შეცდომის კოდი მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ ყოველთვის არ ამბობს, რომელი ნაწილია გასაცვლელი. მაგალითად, ლამბდა-ზონდის შეცდომა შეიძლება თავად ზონდმა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება ჰაერის მოწოვამ ან საწვავის წნევამაც. ამიტომ კოდის წაკითხვის შემდეგ ვამოწმებთ თავად სისტემას, რომ ზედმეტი ნაწილი არ გამოგიცვალოთ.
როდის გჭირდებათ დიაგნოსტიკა
- დაფაზე აინთო Check Engine ან სხვა გამაფრთხილებელი ნათურა;
- ძრავი ცუდად ქოქავს, არათანაბრად ტრიალებს ან ადგილზე „ახრჩობს“;
- საწვავის ხარჯი შესამჩნევად გაიზარდა;
- მანქანამ წევა დაკარგა ან ავარიულ რეჟიმში გადავიდა;
- ავტომატიკა სიჩქარეებს გვიან ან უხეშად ცვლის;
- მეორადი მანქანის ყიდვას აპირებთ და გინდათ იცოდეთ, რა იმალება ელექტრონიკაში.
რას ვამოწმებთ
ვკითხულობთ შეცდომებს იმ ელექტრონული ბლოკებიდან, რომლებსაც აპარატი მანქანის მოდელის მიხედვით ხედავს: ძრავი, კარობკა, ABS, აირბეგი და სხვა სისტემები. ცალკე ვამოწმებთ, შეცდომა ახლაა აქტიური თუ ძველია და უბრალოდ მეხსიერებაში დარჩა.
ძრავის მუშაობისას ვუყურებთ მთავარ პარამეტრებს: ძრავის ტემპერატურას, ჰაერის ხარჯს, ლამბდა-ზონდების ჩვენებას, საწვავის კორექციას და ანთების გამოტოვებას (მისფაირს) ცილინდრების მიხედვით. ეს მონაცემები გვიჩვენებს, ძრავი ნორმაში მუშაობს თუ რომელიმე სისტემა ცდილობს პრობლემის „დაფარვას“.
დიაგნოსტიკის შემდეგ
მიზეზს რომ ვიპოვით, ადამიანურ ენაზე აგიხსნით, რა არის გასაკეთებელი ახლავე და რა შეიძლება მოიცადოს. თუ ელექტრონიკა მექანიკურ პრობლემაზე მიუთითებს, ძრავს დამატებით ვამოწმებთ კომპრესიით, ენდოსკოპით ან CO ტესტით. საჭირო სამუშაოს, სავალი ნაწილიდან ძრავისა და კარობკის მოხსნამდე, აქვე, ჩვენს სახელოსნოში ვაკეთებთ.